„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ საქართველოში საჯარო მოხელეები თავიანთ თანამდებობას ბოროტად იყენებენ.
მათგან 91% ამბობს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენება მათი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმების მიზანს ემსახურება. 86% კი თვლის, რომ მიზანი საკუთარი და ახლობლების ბიზნესის მფარველობაა.
თანამდებობის ბოროტად გამოყენების მიზნებს შორის ასევე სახელდება: ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა - 79% და საქმის მოგვარების სანაცვლოს ქრთამის აღებას - 58%.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. რესპონდენტების გამოკითხვა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდშია ჩატარებული. ქვეყნის მასშტაბით სულ გამოიკითხა 2 087 ადამიანი.