როგორ ამოვიცნოთ ტროლები?
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიამბობთ მედიის განვითარების ფონდის კვლევაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას სახელისუფლო ტროლების იდენტიფიცირების და მათ მიერ ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების შესახებ. გიორგი გვახარიას სტუმარია მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი, რომელიც გვიყვება, თუ როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ე.წ. ტროლები და ხსნის, თუ რატომ იყენებენ ტროლებს სოციალურ ქსელებში. თამარ კინწურაშვილი გვახსენებს, რომ ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა. სოციალურ ქსელებში ტროლები ყალბი პროფილებით მოქმედებენ, მათი ამოცანაა შეცვალონ დისკუსიის მიმართულება, უბრალოდ, ხელი შეუშალონ ჯანსაღ დისკუსიას და გაავრცელონ დეზინფორმაცია. თამარ კინწურაშვილი გვიამბობს ამ კვლევის მეთოდოლოგიაზე და შედეგებზე. კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ მედიის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე.