საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო მესამე, საბოლოო მოსმენით მიეღო მთავრობის მიერ ზოგადი განათლების კანონში ინიცირიებული ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას.
ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულ კანონპროექტს მესამე მოსმენისას მხარი დაუჭირა 54-მა დეპუტატმა, რაც კანონის მისაღებად არასაკმარისია.
კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო, გაუგებარი იყო რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ რეგლამენტი ამას ითვალისწინებს, კენჭისყრა ხელახლა ჩატრებულიყო.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
კანონპროექტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატები უნდა მიეღოთ მოსწავლეებს, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და ასევე, მათ, ვინც გამოცდაში მონაწილეობდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს ატესტატის მოსაპოვებლად საჭირო შეფასება.
მთავრობა პარლამენტისგან ითხოვდა ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.