თბილისის ისნის რაიონში, კომპანია „დირსის“ მიერ აშენებული კორპუსი დატოვა თვითნებურად შესულმა ყველა დევნილმა.
შენობაში მარტის ბოლოს შეჭრილმა მოქალაქეებმა კორპუსიდან გასვლის გადაწყვეტილება გვიან ღამით მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოლაპარაკების შემდეგ.
დევნილთა ინფორმაციით, მიიღეს დამაკმაყოფილებელი დაპირება, რომ სამინისტრო ყველა მათგანის მდგომარეობაზე ინდივიდუალურად იმსჯელებს და უახლოეს ხანში მოხდება საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში თვითნებურად შესული 150-მდე დევნილი ოჯახიდან ნაწილმა შენობა 2 აპრილს დატოვა. დანარჩენები შენობაში რჩებოდნენ და ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წელს ივნისში, თბილისში კიდევ 800-მდე დევნილ ოჯახს უნდა გადასცეს „დირსისგან“ და სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდული ბინები.
ახალი ბინებით დაკმაყოფილება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ხდება. მათ შორისაა დევნილთა ამჟამინდელი საცხოვრებლის მდგომარეობა და სულადობა. უპირატესობა ენიჭებათ მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ პირებს.