ბათუმში გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 29 წლის მელანო ფუტკარაძე ექიმის დაუდევრობით დაიღუპა, მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმმა თავისი სურვილით სამსახური დატოვა.
გარდაცვლილის ნათესავმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და კლინიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ექიმს, რომელსაც, მისივე თქმით, ბრალი მიუძღვის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში, უფლებამოსილება შეუჩერდა:
„ვიდრე გამოძიება არ დაადგენს ექიმის ბრალეულობას, უფლებამოსილება დროებით ექნება შეჩერებული. ჩვენ მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ახლა კი ველოდებით გამოძიებას, რომლის დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აქციას გავაგრძელებთ თუ არა“, - განაცხადა ზაურ დარჩიძემ, გარდაცვლილის ბიძამ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ექიმის საქმიანობის შესახებ რეგულირების სააგენტოში გაგზავნილია მოთხოვნა:
„შსს-მ დაიწყო გამოძიება. რომლის დასრულების შემდეგ დაისჯება დამნაშავე. მანამდე კი ექიმი თავისი სურვილით ჩამოშორდა საქმიანობას“.
ექიმის კლინიკიდან გათავისუფლებას 29 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები 23 მარტს მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. მათ თავდაპირველად მდუმარე აქცია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალთან მოაწყვეს. შემდეგ კი ქალაქის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რაც პოლიციამ აღკვეთა.
29 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა 21 მარტს ბათუმის „მედცენტრში“, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მანამდე პაციენტს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. ისინი ამ ჰოსპიტლის ექიმს სდებენ ბრალს, რომელმაც მათივე თქმით, შესაბამისი დახმარება არ გაუწია პაციენტს.