ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ჟურნალისტების (მათ შორის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის) შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ კითხვა-პასუხის იმ ნაწილის ტექსტურ ვერსიას, რომელიც წინა კვირის ხურვალეთის ამბებს უკავშირდებოდა:
ჟურნალისტი: რა მოხდა ხურვალეთში?
ეგორ კოჩიევი: რისი მოსმენა გსურთ ხურვალეთზე?
ჟურნალისტი: იქ ინციდენტი იყო? ადგილობრივები ამბობდნენ, რომ შეიარაღებული პირები შევიდნენ.
ე.კ.: როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხურვალეთში ინციდენტებამდე საქმე არ მისულა. ახლაც სხდომაზე ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ზუსტად იმოქმედეს საქართველოს სამართალდამცავებმა, ზუსტად იმოქმედეს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის მხრიდან და ევროკავშირის მეთვალყურეების შუამავლობით, სერიოზულ ინციდენტამდე ხურვალეთში საქმე არ მისულა.
ჟურნალისტი: და, რა მოხდა იქ?
ე.კ.: საქართველოში გყავთ აქტივისტი, დავით ქაცარავა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ [აქ რამდენიმე სიტყვა ცუდად ისმის - რ.თ.] რუსეთის ძალები იკავებენ ხურვალეთს. სინამდვილეში, არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არც შერიგების მინისტრს (ზუსტად არ ვიცი, როგორ ჰქვია მის თანამდებობას), ქეთევან ციხელაშვილს არ დაუდასტურებიათ, რომ რუსეთის სამხედროები, რომელიმე სხვა სამხედროები, ან სამხრეთ ოსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალა იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ინციდენტამდე საქმე არ მისულა.
ჟურნალისტი: რას ნიშნავს ინციდენტამდე საქმე არ მისულა?
ე.კ.: ეს ნიშნავს იმას, რომ ინციდენტამდე საქმე არ მისულა. ეს არ შეიძლება კიდევ რამეს ნიშნავდეს. ეს იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიან ძალებს, რომლებმაც დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. სინამდვილეში კი ეს არ მომხდარა. ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ ქართველ პოლიციელებს, შეიძლებოდა ეს ინციდენტით დასრულებულიყო.
ჟურნალისტი: რა სახის ინციდენტით?
ე.კ.: რა ინციდენტი იგულისხმება, ჰკითხეთ ქაცარავას. რის გაკეთებას აპირებდა ის ამ რაიონში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისთვის კითხვის დასმა?
ჟურნალისტი: მან განაცხადა, რომ სურდა ადამიანებს დახმარებოდა მიწის დამუშავებაში.
ე.კ.: მათ მაგივრად უნდა დაებარა მიწა?
ჟურნალისტი: დაეთესა, მოეხნა.
ე.კ.: მოხნას თავის ტერიტორიაზე. რატომ უნდა შეძვრეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კარგად არ მესმის.