Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმება შეფასებას, რომ დანაშაული კატასტროფულად გაზდილია


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოების შეცდომაში შეყვანად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ქვეყანაში დანაშაულის კატასტროფული მატების შესახებ.

მამუკა ბახტაძე კრიმინალურ ვითარებაზე სასაუბროდ პარლამენტში დღეს სწორედ ამ ოპოზიციური პარტიის ფრაქციამ მიიწვია ახალი რეგლამენტით დადგენილი ინტერპელაციის წესით.

"კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად“ - განაცხადა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, დანაშაულის მთლიანი მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა, მამუკა ბახტაძის თქმით, ამას განაპირობებს 2018 წლიდან შეცვლილი აღრიცხვის მეთოდოლოგია და ახალი მიდგომა.

„ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ გააკონტროლოს და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერი ფაქტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახეზე მკვეთრად გამოხატული დანაშაულის ყველა ნიშანი. ასევე, შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე და გახსნის ალბათობა“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, აღრიცხვიანობა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა.

„სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54%-ით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, სიმართლე ის არის, რომ დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება მოდის ძირითადად, იმ დანაშაულებზე, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად, ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა.

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წარუდგინა მონაცემები, რომელთა თანახმად, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობის მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით, თითქმის 18%-ით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

„სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გამოიწვია პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა და მუქარა. ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე. საუბარია ძირითადად, ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე, ანუ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომელზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

XS
SM
MD
LG