თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ბ-ს და გ.ჯ-ს საქმის განხილვა.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს ბრალდების მხარე.
პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და 10 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. გ.ჯ. მსჯავრდებულია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შესაბამისად, ამ განაჩენის მიხედვით დაუდგენელია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე.
თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალად სდებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.