საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცვლილება შეიტანა 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში.
სამინისტრო ცვლილების მიზეზად ასახელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესების გათვალისწინებას. მათთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით მიმართავენ იმ საჯარო სკოლას, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, ბავშვის რეგისტრაციას მოახდენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შეავსებს მიმართვის სპეციალურ ფორმას, რომელიც სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება. ამის შემდეგ, მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით მოხდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.
მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას გადასცემს მშობელს და სკოლას, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენს.
მშობლებს იმ ბავშვებისა, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. ჩარიცხვის ან უარის შესახებ ინფორმაცია, მათთვის ცნობილი გახდება 25-დან 30 აპრილის ჩათვლით.
განათლების სამინისტროს განმარტებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი რომელსაც აქვს:
ფიზიკური შეზღუდვა;
ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
სწავლის უნარის დარღევა;
სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
მეტყველების განვითარების დარღვევა;
ქცევითი და ემოციური დარღვევა;
გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს;
აუტიზმის სპექტრის მქონე;
პირველასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2-დან 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში, რომელთა მშობელი სკოლის თანამშრომელია და რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მესამე ეტაპი 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის წარდგენა აუცილებელი იქნება 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებსაიტზე www.emis.ge. თუ დადგენილ ვადაში დოკუმენტაცია წარდგენილი არ იქნება, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
მეოთხე ეტაპზე, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება. გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება რეგისტრაცია იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
ცვლილებებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.