რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხელმოწერისთვის გადაეგზავნა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს დაბლოკოს ვებსაიტები და მათ ჯარიმები გამოუწეროს სახელმწიფოს და საზოგადოების შეურაცხმყოფელად მიჩნეულ, "ყალბ ამბებად" ჩათვლილი მასალებისთვის.
პუტინის ოფისთან არსებული ადამიანის უფლებების მრჩეველთა საბჭო ამ კანონს მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, თუმცა ის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ 13 მარტს დაამტკიცა, ხმათა თანაფარდობით 149-3.
კანონი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაბლოკოს ვებსაიტები, რომლებიც მათი შეფასებით "ყალბ ამბებს" გამოაქვეყნებენ, და ისინი დააჯარიმოს მასალებისთვის, რომლებსაც ჩათვლიან შეურაცხმყოფელად სახელმწიფო პირების, სიმბოლოების, ან რუსეთის საზოგადოებისთვის.
კრიტიკოსები თვლიან, რომ კანონი - რომელსაც, სავარაუდოდ, პუტინი ხელს მოაწერს - წარმოადგენს კრემლის მორიგ მცდელობას გაზარდოს კონტროლი ინტერნეტზე და ჩაახშოს კრიტიკული ხმები. ფედერაციის საბჭოშიც და სახელმწიფო სათათბიროშიც, რომელმაც კანონპროექტი 7 მარტს დაამტკიცა, დომინანტურ ძალას წარმოადგენს მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი.