Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის იყო დაკავებული


რუსული სამხედრო ბაზა ნაბაკევში
რუსული სამხედრო ბაზა ნაბაკევში

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის იყო დაკავებული - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალიამ.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ ის იციან, რომ დაკავების შემდეგ ირაკლი კვარაცხელია გადაიყვანეს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე, სადაც ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რეზო ქობალიას ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. „არ არის გამორიცხული, თუ გული აწუხებდა ან რამე მსგავსი, ამითაც დაღუპულიყო, მაგრამ კატეგორიულად იმის თქმა, რომ ეს გახდა მიზეზი თუ რამე სხვა, არ შეგვიძლია“ - ამბობს ქობალია. მისი ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან იყო და დევნილის სტატუსით რეგისტრაცია სენაკში ჰქონდა. მას 8 წლის შვილი დარჩა.

რეზო ქობალიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხედრის გადმოსასვენებლად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 12 მარტს, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით მიმდინარეობს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა.

XS
SM
MD
LG