Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე ადასტურებს, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნებული განცხადება მუქარის შემდეგ დაწერა


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

“თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გამოქვეყნებული განცხადება მუქარის წერილის წაკითხვის შემდეგ, იმავე საღამოს დაწერა, თუმცა, ხელს დღესაც მოაწერდა.

გაზეთ „კვირის პალიტრის“ შეკითხვას, განცხადების გავრცელებით მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანშის საფრთხეზე, ხაზარაძემ უპასუხა, რომ აბსოლუტურად გულწრფელი იყო.

„იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა „ნაციონალების“ დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა​, თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეკითხვას, თუ მუქარის წერილის ავტორმა ნახა, რომ მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტი შესრულდა, ხომ არ იფიქრებდა, რომ ხაზარაძე დანარჩენი პუნქტების შესრულებაზეც თანახმა იყო, ბიზნესმენი პასუხობს: „არ ვიცი ეს მათ უნდა ჰკითხოთ.“

„როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმ საღამოსვე დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არ გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ „ტვ პირველთან“ რაღაც კავშირი მაქვს“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელიც 11 მარტის ნომერში გამოქვეყნდა.

მამუკა ხაზარაძემ საჯარო განცხადება: „რევანშიზმის დრო არ არის,“ 2018 წლის 2 ნოემბერს გამოაქვეყნა.

2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

ამ განცხადების გამო, 5 მარტს, პროკურორებმა ხაზარაძე მოსამართლის თაბდასწრებით გამოკითხეს. 6 მარტს, გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძის მიერ გადაცემული წერილის ასლი.

ნაბეჭდი ტექსტის თანახმად, რომელზეც არ არის არც ადრესატის და არც ხელმომწერის ვინაობა და არც თარიღი, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ უნდა შესრულდეს სამი მოთხოვნა:

უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

მ.ხ-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

"არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი;

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძისთვის მსგავსი წერილის გაგზავნას უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ჭორაობის და ტყუილების მიზანია შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების სკანდალებზე გადატანა.

საქართველოს პროკურატურა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ფინანსურ ოპერაციას. საქმეში ფიგურირებენ ბანკის თანადამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თუმცა, მათ ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და გამომძიებლების მიერ მოწმის სტატუსით არიან დაკითხულნი.

XS
SM
MD
LG