საქართველოს პარლამენტის ფრაქციის, „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობიდან სოციალ-დემოკრატების გასვლის საკითხი გადაწყვეტილია და დარჩენილია ტექნიკური გაყრა.
გია ჟორჟოლიანის შეფასებით, უმრავლესობაში სოციალ-დემოკრატების ყოფნის რესურსი პრაქტიკულად ამოიწურა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა არ არის რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება და ოფიციალურად მომავალ კვირაში გაფორმდება.
ჟორჟოლიანის განცხადებით, „ოცნებისგან“ გამოყოფა აუცილებელია, რათა ხალხს აჩვენონ, რაშია განსხვავება და რას არ აკეთებს „ქართული ოცნება.“
„ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძალიან ინერციულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რადიკალური ცვილებებია განსახორციელებელი. ბიუჯეტთან დაკავშირებით მივმართეთ, თუმცა არ მოხდა ჩვენი წინადადების დაკმაყოფილება. საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მწვავედ ვაყენებდით საკითხს საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული ჩანაწერის შეცვლის თაობაზე. არის კიდევ სხვა შეზღუდვები კანონმდებლობაში და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“ - განაცხადა სოციალ-დემოკრატთა ლიდერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე ითანამშრომლებენ ყველა ჯგუფთან, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა.
უმრავლესობაში შემავალი 7-წევრიანი ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატები“ გასულ კვირაში დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა, რომელიც საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.