Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექთნების შრომა - სოლიდარობის ქსელმა ამ სფეროში კვლევის შედეგები გამოაქვეყნა


ალტერნატიულმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ თბილისის მასშტაბით ათ სამედიცინო დაწესებულებაში ექთნების შრომითი პირობები და მდგომარეობა შეისწავლა.

ეს ამ ხასიათის პირველი კვლევაა, რომელშიც 200 ექთანი მონაწილეობდა.

გამოკვლევის ჩატარების წინაპირობა გახდა 2017 წლის დეკემბერში, იაშვილის სახელობის კლინიკიდან, რეორგანიზაციის შედეგად, 84 ადამიანის დათხოვნის ფაქტი.

როგორც "სოლიდარობის ქსელის" წევრმა, ნენო ჩარკვიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კვლევაზე მუშაობისას მათ სამედიცინო ბაზარიც შეისწავლეს და ნახეს, რომ „ევექსი“, რომლის პირდაპირი მფლობელიც „საქართველოს ბანკია“, კერძო სამედიცინო ბაზრის 35%-ს ფლობს.

ნენო ჩარკვიანი ამბობს, რომ ბაზრის ასეთი განაწილების პირობებში, სახელმწიფოს არანაირი რეგულირების მექანიზმი არ გააჩნია. არ არსებობს წესები, რომლითაც სამედიცინო პერსონალის მუშაობა უნდა რეგულირდებოდეს.

რა აჩვენა გამოკვლევამ?

200 ექთნის პასუხების მიხედვით, "სოლიდარობის ქსელი" ასკვნის, რომ დღეს არსებული შრომის პირობების მდგომარეობით, ექთნების სამუშაო უნდა შედიოდეს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაში. და მათ სამუშაო პირობებს შრომის ინსპექცია უნდა ამოწმებდეს.

კვლევამ აჩვენა შემდეგი:

  • გამოკითხული ექთნების 91% ქალია. დანარჩენი 9% ძირითადად სტუდენტია, რომელიც ექიმის პროფესიას ეუფლება.
  • ექთნები ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა ქვეყანაში. კერძოდ გამოკითხულთა 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია.
  • სამედიცინო დაწესებულებებში არ არსებობს შრომის უფლებების რეგულირების მინიმალური სტანდარტები.
  • გამოკითხულთა 95% 40 საათზე მეტს მუშაობს.
  • გამოკითხულთა 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას.
  • გამოკითხულთაგან არც ერთს აქვს შესვენების დადგენილი გრაფიკი.
  • გამოკითხულთა 69% უკმაყოფილოა ცვლაში შესვენების დროით, ხოლო 30,5% ვერ სარგებლობს შებამისი ანაზღაურებადი შვებულებით.
  • ექთნების 87%-ს არ აქვს მოსასვენებელი ოთახი სამუშაო ადგილზე, ხოლო 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასადილოზე.
  • არც კერძო და არც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულთა სამუშაოს სიმძიმისა და დატვირთვის შესახებ რეგულაცია.
  • საშუალოდ ერთი ექთანი ემსახურება 11 პაციენტს.

ნენო ჩარკვიანი საერთაშორისო წესებს იშველიებს და ამბობს, რომ ერთ ექთანზე 6-ზე მეტი პაციენტი არ უნდა მოდიოდეს. და რომ სწორედ ეს გადატვირთულობა, დამატებითი საქმე და დაბალი ხელფასით გამოწვეული უმოტივაციობაა მათი „გადაწვის“ შედეგი.

„გავიხსენოთ სასწრაფო დახმარების მანქანის ავარია და მისი მძღოლი, რომელმაც 24 საათის განმავლობაში 27 გამოძახების შემდეგ გადაღლილობისგან გონება დაკარგა და ვიცით, რა ფატალურ შედეგებამდე მივედით. ამ დღეში არიან ექთნებიც. და მათ მოსდით შეცდომებიც“, - ამბობს ნენო ჩარკვიანი.

მისი სიტყვებით, ბევრ ექთანს მოსასვენებლი ოთახიც კი არა აქვს, სადაც დასვენებას შეძლებდა. 16 და 24-საათიანი გრაფიკის დროს კი მხოლოდ რვა საათი მუშაობის შემდეგ ახერხებენ წახემსებას.

რატომ არ აპროტესტებენ ექთნები ასეთ პირობებს?

ნენო ჩარკვიანი გვეუბნება, რომ ხშირად ისინი თავს იკავებენ სწორედ იმ შეცდომების გამო, რომელიც ადმინისტრაციამ მათ აპატია. სამსახურის დაკარგვა არავის სურს და საბოლოოდ, ყველა დუმილს ამჯობინებს.

როდესაც ექთნებს ჰკითხეს, მათი აზრით, რა შეიძლება იყოს საშველი, გამოკითხულთა 85, 9 პროცენტმა თქვა, რომ გამოსავალი, შესაძლოა, სახელმწიფო კონტროლისა და რეგულაციების აღდგენა-გამკაცრებაში ვეძიოთ. 76,7 % კი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია მათთის ყველაზე მისაღები გზაა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს - "სოლიდარობის ქსელი" მიიჩნევს, რომ ამ ექთნების შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად საჭიროა:

  • მეტი კვლევა: სახელმწიფოსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიერ;
  • ძლიერი პროფკავშირები;
  • მეტი რეგულაციები კერძო სექტორში;
  • ექთნების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და კვლევებში;
  • ცვლილებები შრომის კოდექსში;
  • სამუშაო გრაფიკების შეცვლა;
  • მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება;
  • შრომის ინსპექციისთვის სპეციფიკური მიდგომის შემუშავება;

როგორც ნენო ჩარკვიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ექიმებთან ერთად, სწორედ ექთნებზეა დამოკიდებული პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

გადაღლილ და აუტანელ შრომით პირობებში მომუშავე სამედიცინო პერსონალი კი შეცდომებისგან დაზღვეული ვერ იქნება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG