საქართველოს ელჩი ბრაზილიაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს. შეხვედრა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ, ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისთვის.
საქართველოს ელჩთან საუბრისას ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით მის ქვეყანაში უახლოეს პერიოდში დაიძლევა ჰუმანიტარული კატასტროფა და იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული გარდაქმნით დასრულდება პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ვენესეულას ამყოფებს მადუროს რეჟიმი.
ხუან გუაიდოს და დავით სოლომონიას შეხვედრა გაიმართა „ლიმას ჯგუფის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მე-11 შეხვედრის ფარგლებში, რომელზეც საქართველო პირველად იყო მიწვეული დამკვირვებლის სტატუსით. შეხვედრის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იყო ვენესუელაში შექმნილი კრიზისი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ლიმას ჯგუფი“ აერთიანებს 14 სახელმწიფოს, რომლის წარმომადგენლები პირველად 2017 წელს შეიკრიბნენ პერუს დედაქალაქში.
ჯგუფი მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებას, დიქტატორული რეჟიმის შეცვლას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.
ვენესუელას აღიარებული აქვს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს გადაწყვეტილება მიიღო ვენესუელის წინა პრეზიდენტმა, 2013 წელს გარდაცვლილმა უგო ჩავესმა. მის პოლიტიკას განაგრძობს ნიკოლას მადურო, რომელმაც ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა 2018 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად. არჩევნების შედეგს არ აღიარებენ ადგილობრივი ოპოზიცია და მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო და მხარდაჭერას უცხადებენ დროებით პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს.