საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ელისეს სასახლეში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. შეხვედრა თბილისის დროით 13 საათზე გაიმართება. პრეზიდენტთან შეხვედრამდე 18 თებერვალს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა უმასპინძლა. ბრიჯიტ მაკრონს ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად ესტუმრა.
19 თებერვალს საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ. დიალოგი ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები განცხადებებს გააკეთებენ და უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს 17 თებერვალს ეწვია. საფრანგეთიდან იგი გაემგზავრება გერმანიაში, სადაც შეხვდება გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს.