რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხრეთში დაიწყო ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელიც სამი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოტომსროლელი და სატანკო ქვედანაყოფების ტაქტიკური სწავლება ვოლგოგრადის, როსტოვის, სტავროპოლის, დაღესტნის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და ადიღეს გარდა ტარდება უკრაინაში ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, საქართველოში ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებსა და სომხეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსის ვადიმ ასტაფიევის ცნობით, წვრთნაში მონაწილეობს 7 ათასზე მეტი სამხედრო, მათ შორის საზღვაო ქვეითები, 2 ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა და 50-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი, ბომბდამშენი და ვერტმფრენი.
ასტაფიევის თქმით, ტაქტიკური სწავლების მიზანია თავდაცვის და შეტევის ამოცანების როგორც დღისით, ისე ღამით შესრულება სხვადასხვა ლანდშაფტის ადგილებსა და დასახლებულ პუნქტებში.
სამხედრო ოლქის პრესმდივნის განცხადებითვე, წვრთნის ამოცანების შესრულებისას მეთაურები გამოიყენებენ თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში, მათ შორის სირიაში მიღებულ გამოცდილებას.