Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უარყოფს, რომ ჟენევაში განიხილება ოკუპირებულ რეგიონებში საბაჟოს გახსნის საკითხი


დღეს ჟენევაში გაიმართება საქართველოს, რუსეთის და შვეიცარიის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც განიხილება საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციის საკითხი. საქართველოს დელეგაციაში არიან შემოსავლების სამსახურის და საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები.

საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მიმოსვლას მონიტორინგი უნდა გაუწიოს შვეიცარიულმა კომპანიამ SGS-მა. მასთან საქართველომ კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, ხოლო რუსეთმა 2018 წელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი განიხილავს, თუ როგორ უნდა დაიწყონ საქმიანობა შვეიცარიული კომპანიის მეთვალყურეებმა. „გაივლის ამ დერეფნებში ტვირთი, მოხდება მონიტორინგი, არ გაივლის, არ მოხდება. ამაზეა საუბარი და ეს შვეიცარიელებმა უნდა გააკეთონ“ - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ჟენევაში დღევანდელი შეხვედრის წინ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო დათანხმდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნას. 4 თებერვალს, გამოცემა „კომერსანტმა“ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ არსებითად, შეთანხმება საქართველოს აიძულებს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ აღიაროს დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად.

ამას უარყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. „ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგან მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი განმარტებით, 2011 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი არის შეთანხმება მხოლოდ ორ მხარეს - საქართველოსა და რუსეთს შორის, ითვალისწინებს სატრანზიტო დერეფნების მონიტორინგს და არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებაზე.

2011 წელს, მოსკოვის მიერ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შეთანხმების ხელმოწერა იყო პირობა, რომლის სანაცვლოდ საქართველო დათანხმდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას.

XS
SM
MD
LG