საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის მოთხოვნას მისი ძმის საპატიმროში ზიარების შესახებ. თორნიკე მამალაძემ ამ მოთხოვნით 4 თებერვალს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი გაშალა.
საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ თორნიკე მამალაძის მიერ კარვის დადგმამ ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, მათ მიუღებლად მიაჩნიათ:
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს.
სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც“.
საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ვინაიდან დეკანოზი თვლის, რომ ის მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკანოზის ზიარება შესაძლებელია, მას შეუძლია აზიაროს სასულიერო პირი, თუმცა, საპატრიარქოს განცხადებით, ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა.