სახელმწიფო ვალდებულია, ებრძოლოს დეზინფორმაციასა და "ფეიკ ნიუსებს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 1 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე. ის არ იზიარებს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ ცრუ ინფორმაციასა და ცილისწამებასთან ბრძოლის ეგიდით სახელმწიფოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.
მამუკა ბახტაძის ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პრეზიდენტის ინიციატივაზე, შემუშავდეს საკანონმდებლო რეგულაციები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებასთან ბრძოლის მიზნით.
„დეზინფორმაცია და ე.წ. ფეიკ ნიუსები არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის გლობალური გამოწვევა და ყველა განვითარებული დემოკრატია ცდილობს, მას ეფექტურად აღუდგეს წინ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ დავუკავშირებ ამ ორ თემას ერთმანეთს. დეზინფორმაციასთან და ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა, მათ შორის, მე ვფიქრობ, არის სახელმწიფოს ვალდებულება.
განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები ცდილობენ, ჩამოაყალიბონ ისეთი ჩარჩო, სადაც საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებს დაიცავენ მსგავსი ტიპის ე.წ. ფეიკ ნიუსებისგან. სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.