დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე და სხვა ნორმების დაწესებაზე, რაც უზრუნველყოფს გაზის უსაფრთხო ექსპლუატაციას.
„აქ საუბარი იყო, რომ გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ხოლო ძველებზე, პირველ ეტაპზე, დაიწყოს სერვის-პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, კომპანიებმა კი შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება. გარდა ამისა, საუბარი იყო აკრედიტირებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ ზოგადად, სახლში გაზის სისტემის უსაფრთხოება კვალიფიციურმა პირებმა და კვალიფიციურმა კომპანიებმა შეამოწმონ. ამით ჩვენ მივაღწევთ გარკვეულწილად უსაფრთხოების სხვა სტანდარტს“, - განაცხადა ხმალაძემ 28 იანვარს, მერიაში გამართული შეხვედრის კომენტირებისას.
თბილისის მერიაში გამართული შეხვედრა ბუნებრივი აირის უსაფრთხო ექსპლუატაციის საგანგებო ნორმების შემუშავებას ისახავდა მიზნად. თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავასა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი.
ბუნებრივ აირთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხებმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 16 იანვარს, დიდ დიღომში მომხდარი მასშტაბური აფეთების შემდეგ. მერიაში გამართულ შეხვედრაზე შენობების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ ნორმებზეც იმსჯელეს.
„საუბარია იმაზე, რომ (კანონში) დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვას და ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღებაც მიებას გაზის სისტემის და ელექტროსისტემის გამართულობას და მათ ექსპლუატაციაში მიღებას; ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ მანამ, ვიდრე შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი“, - განაცხადა ხმალაძემ.