აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ემხრობა ევროკავშირის წევრობას, ვიდრე ნატოსი.
შეკითხვას, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითად უპასუხა 83%-მა. გამოკითხულთა 9%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, 7%-მა კი არ იცის. რაც შეეხება ნატოს წევრობას, მას მხარს უჭერს 78%, მიუღებელია 13%-ისთვის და არ იცის 9%-მა.
საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირის და ნატოს წევრობის მომხრეთა რაოდენობა ყველაზე ნაკლებია უმცირესობათა დასახლებებში, სადაც ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია გამოკითხულთა 58%-ისთვის და ნატოს წევრობა 48%-ისთვის. NDI-ის დაკვეთით გამოკითხვა 6-20 დეკემბერს ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. გამოიკითხა 2205 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,1%-ია.