Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 წლის გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ კავთისხევში გადაასვენეს


4 წლის გოგონას ცხედარი, რომელიც 22 იანვარს, თბილისში გარდაიცვალა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ კავთისხევში, დეიდის სახლში გადაასვენეს. გოგონას ცხედრის გამოკვლევა ლევან სამხარაულის კლინიკაში 23 იანვარს დილით დასრულდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახს მისი სახლში დასვენების საშუალება არ ჰქონდა, ცხედარი 24 იანვრამდე ექსპერტიზის ბიუროში იყო დასვენებული. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს სამხარაულის კლინიკის პრესსამსახურში, გრძელდება ლაბორატორიული კვლევა, რომელიც, სავარაუდოდ 30 სამუშაო დღეს გასტანს. სწორედ ამის შემდეგ დადგინდება გოგონას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი და დასკვნა გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს.

გოგონას გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში, 22 იანვარსვე დააკავეს ბავშვის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

გამოძიება ბავშვის დედას ედავება იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას, რომელიც საპატრულო პოლიციამ ქალს 6 იანვარს გამოუწერა. როგორც შსს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 6 იანვარს გამოძიება დაიწყო ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით: „შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვნის დედა. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს. საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, ბავშვის დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი“, - წერია შსს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG