აქტივისტი ჩრდილოეთ ოსეთიდან, არტურ ბესტაევი სასამართლოს მიმართავს „ვლადიმირ პუტინის შელახული პატივის აღდგენისა“ და საამისოდ ცნობილი ჟურნალისტის, იური დუდის 100 მლნ რუბლით დაჯარიმების მოთხოვნით. ბესტაევი ამჟამად დონის როსტოვში ცხოვრობს.
აქტივისტმა საჩივარი შეიტანა მოსკოვის მეშჩანსკის რაიონულ სასამართლოში დუდისა და მისი თანამოსაუბრის, ტელეწამყვან ანასტასია ივლეევას წინააღმდეგ.
„ივლეევამ დუდთან ინტერვიუს დროს 58-ე წუთზე დასმულ შეკითხვას: „პუტინის წინ რომ აღმოჩნდე, რას ეტყოდიო? უპასუხა: შე *******? რუსეთისა და დედამიწაზე მშვიდობისათვის პრეზიდენტის შრომის, დამსახურებებისა და მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, დაუშვებლად მიმაჩნია ასეთი გამონათქვამები ვლადიმირ პუტინის მისამართით“, წერს ბესტაევი პეტიციაში, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ინტერნეტშია გამოქვეყნებული.
პეტიციას ხელი მოაწერა სულ 15-მა ადამიანმა, ამიტომ ბესტაევმა გადაწყვიტა სასამართლოსათვის მიემართა პუტინის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მოთხოვნით.
რადიო თავისუფლების პროექტმა „კავკაზ.რეალიი“ დაადგინა, რომ ადრე ბესტაევი მონაწილეობდა რუსეთის მმართველ პარტია „ერთიანი რუსეთის“ როსტოვის პრაიმერში, აგრეთვე კონკურსში „რუსეთის ლიდერები“.