მცხეთაში, ჯვრის მონასტერი ტურისტებისა და მომლოცველებისთვის კვლავაც დაკეტილია. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტურისტები ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას შემოვლითი გზით, ღობეზე გადასვლით ცდილობენ. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარემოვაჭრეებიც და როგორც ისინი ამბობენ, არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას იმ შემთხვევაშიც კი თუ მონასტერი არ გაიხსნება.
ჯვრის მონასტერი 14 იანვარს, დილით, მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიხურა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მონასტრის ჩაკეტვის მიზეზი გახდა ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება. მისი სიტყვებით, ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი ვითარებაა, რაც ამახინჯებს გარემოს და ქმნის მონასტრისთვის შეუსაბამო მდგომარეობას.