მთის კურორტების განვითარების ხელმძღვანელი, თამაზ გამცემლიძე აღნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადის ზრდამ ნათლად გამოაჩინა, რომ ბაკურიანი საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას განიცდის, რის დამატებასაც კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი განცხადებაში ბაკურიანის დამსვენებლებს მიმართავს და შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. მისი თქმით, ტურისტების ნაკადმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, განხორციელდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, თუმცა დამსვენებელთა მატებამ სხვადასხვა სფეროში პრობლემები შექმნა:
"სამწუხაროდ, დაემატა რამოდენიმე დღიანი ქარიშხლები, რის გამოც გაითიშა დიდველის საბაგიროები, ამიტომ მთელი დატვირთვა გადავიდა "კოხტა-მიტარბი"-ს სასრიალო არეალზე, რამაც წარმოქმნა რიგები სალაროებთან და სადგურებთან, ასევე, პრობლემები შეექმნა სასრიალო ტრასებს (თოვლის ნაკლებობის გამო). მინდა გითხრათ, რომ დაწყებულია კოხტა-მიტარბის ხელოვნური გათოვლიანების პროექტირება და უახლოეს 2 წელიწადში, საბოლოოდ გადაიჭრება "კოხტა-მიტარბის" უთოვლობის პრობლემა. ასევე, ტურისტების ზრდამ ნათლად დაგვანახა, რომ ბაკურიანი განიცდის საბაგირო გზებისა და სასრიალო ტრასების ნაკლებობას, რომელთა დამატებასაც ასევე უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ბაკურიანის ცენტრში (კინოთეატრის შენობაში) გახსნილია ტურისტების მომსახურების ცენტრი, სადაც ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სასრიალო აბონემენტები,“-აღნიშნავს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე განცხადებაში.