მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, 17 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტს მან ხელისუფლების პროვოცირებული უწოდა.
„პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იქ იდგნენ, ისინი არ ითვლებიან პოლიციელებად, რადგანაც არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, რომ მათ ჰქონდათ გზის გადაკეტვის უფლება. არ გამოგიქვეყნებიათ ასეთი აქტი და თუ ვინმე ასეთ აქტს ნახავთ, კი ბატონო, გაგვაცანით... სახალხო დამცველმა ასევე მიგითითათ, რომ ამის უფლება არ გქონდათ, მაგრამ თქვენ მაინც ეს კანონი დაარღვიეთ... გუშინდელი დღე იყო თქვენს მიერ პროვოცირებული დაძაბულობა... თქვენ ხართ ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებიც კანონის გარეთ ხართ გასული... ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია ახლა და აუცილებლად ამ მიმართულებით ვიწყებთ აქტიურ ბრძოლასა და აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შს სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, დავით კირკიტაძის დაკავების თაობაზე. უწყების ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. "გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთით.