„საპროტესტო აქციები გაიმართება ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად“, - ამის შესახებ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, რომლის თქმითაც, საპროტესტო მიტინგები ჩატარდება რამდენიმე ქალაქში, თუმცა ყველაზე მასშტაბური გაიმართება თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად. ამასთან, პროტესტის გამოსათქმელად თელავისკენ მიმავალი კოლონები დაიძვრებიან როგორც დედაქალაქიდან, ასევე დასავლეთ საქართველოდან, შიდა და ქვემო ქართლიდან.
„ხვალ იქნება საპროტესტო დღე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად გაიმართება საპროტესტო აქციები, მაგრამ მთავარი აქცია იქნება თელავში. თბილისიდან მოეწყობა მრავალათასიანი მსვლელობა თელავისკენ. ამ აქციის მთავარი მიზანია, გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტი იმ ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას წაართვა არჩევნის უფლება და ფეხქვეშ გათელა მათი კანონიერი და კონსტიტუციური უფლება თვითონ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა: „ქართულმა ოცნებამ“ დაინიშნა პრეზიდენტი! ამიტომ ხვალ თელავში გაიგებენ ძალიან ხმამაღალ პროტესტს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.