პიუს კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მსოფლიოში, უმეტესწილად, უარყოფითად აფასებენ რუსეთსა და მისი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამავე დროს ფართოდ არის გავრცელებული შეფასება, რომ ბოლო 10 წელიწადში გაიზარდა რუსეთის როლი საერთაშორისო პოლიტიკაში.
პიუს კვლევითმა ცენტრმა, რომელიც შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტორიტეტიანი ორგანიზაციაა, წელს 14 მაისიდან 12 აგვისტომდე ჩაატარა გამოკითხვა მსოფლიოს 25 ქვეყანაში. მათ შორის არ არის საქართველო.
კვლევის შედეგებით, რუსეთის მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 34%, ხოლო უარყოფითად - 54%. კიდევ უფრო ნეგატიურია საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის საქმიანობის შეფასება. მას დადებითად აფასებს გამოკითხულების სულ 26%. 42%-ის შეფასებით, რუსეთი უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პოლიტიკაში, საწინააღმდეგო აზრისაა 19%.
გამოკვლეული ქვეყნებიდან მხოლოდ ოთხში გამოთქვამს გამოკითხულების ნახევარზე მეტი რუსეთის მიმართ დადებით დამოკიდებულებას. ეს ქვეყნებია ფილიპინები, ტუნისი, სამხრეთი კორეა და საბერძნეთი.
ნეგატიური შეფასებები განსაკუთრებით ძლიერია დასავლეთის ქვეყნებში. ნიდერლანდში რუსეთს უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 79%, დადებითად 15%. შეერთებული შტატების შემთხვევაში 64% დადებითად და 21% უარყოფითად.
რაც შეეხება პუტინის მიმართ დამოკიდებულებას, გამოკვლეული 25 ქვეყანაში სულ 26% პროცენტს აქვს პუტინისადმი ნდობა, რომ ის სწორ ნაბიჯებს გადადგამს. 63% პროცენტს ამის არ სჯერა.
პოლონეთში პუტინის „ანტირეიტინგი“ 89%-ს აღწევს. აშშ-ში მას არ ენდობა გამოკითხულების 74%. მთლიანობაში, პუტინის მიმართ დასავლეთში დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.