Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი: ხორავას საქმეზე კითხვები დღემდე უპასუხოა


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე ერთი წლის წინ მოზარდების მკვლელობის საქმეს განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საქმემ ნათლად გამოაჩინა სამართალდამცავ სისტემაში რეფორმის განხორციელების აუცილებლობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოზარდების მკვლელობა სახელმწიფომ არაეფექტიანად გამოიძია და რომ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე დღემდე არ არის გაცემული პასუხი.

„სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ამრიგად, სახეზე იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნები გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან“, - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ გამოძიება სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულის კვალიფიკაციით დაწყებულიყო.

"მიუხედავად გაწეული დიდი ძალისხმევისა როგორც სახალხო დამცველის, ასევე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან, საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია პროკურატურის მიმართ პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. მიგვაჩნია, რომ გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოებაში არსებული კითხვები და გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიებისა და მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარ პროკურატურას:

1) ყოველი თვის ბოლოს წარუდგინოს საზოგადოებას როგორც მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, ასევე, ინფორმაცია სახალხო დამცველის წინადადებასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოკვეთილ ხარვეზებზე გატარებული ღონისძიებების შესახებ.

2) სახალხო დამცველის აპარატს მიეცეს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალების პერიოდულად სრულყოფილი გაცნობის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG