Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფონდი ღია საზოგადოება" ტოვებს თურქეთს


"ფონდი ღია საზოგადოება" აცხადებს, რომ მუშაობას აჩერებს და ტოვებს თურქეთს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ფონდის დამაარსებელი, მილიარდერი ფილანტროპი, ჯორჯ სოროსი დაადანაშაულა ერების გახლეჩვის მცდელობაში. ფონდი ამბობს, რომ მისთვის თურქეთში მუშაობა შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ის მედიაში გავრცელებულ უსაფუძვლო განცხადებების სამიზნე გახდა და თურქეთის მთავრობამ განაახლა ერდოანის საწინააღმდეგო ხუთი წლის წინანდელი მასობრივი აქციების გამოძიება. ფონდი ამბობს, რომ ქვეყნის შსს ცდილობს 2013 წლის გეზის პარკის აქციები სოროსის ფონდს მიაწეროს. თავად ფონდი უარყოფს კავშირს ამ მასობრივ საპროტესტო ტალღასთან. ერდოანმა სოროსი გასულ კვირაში დაგმო, როცა ლაპარაკობდა 13 აქტივისტის და მკვლევრის დაპატიმრებაზე - მათ ბრალად დასდეს ასევე პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის და უფლებადამცველის, ოსმან კავალას მხარდაჭერა გეზის საპროტესტო აქციის ხელახლა გაღვივების მიზნით. კავალა "უკვე ციხეშია" - განაცხადა ერდოანმა და დასძინა - "და მის უკან ვინ დგას? ცნობილი უნგრელი ებრაელი სოროსი. ეს არის კაცი, რომელიც ადამიანებს ავალებს ერების გახლეჩვას და განადგურებას. მას ამდენი ფული აქვს და ამ ფულს ასე ხარჯავს". 13 დაკავებული პირიდან ერთ-ერთი იყო ჰაკინ ალტინაი, რომელმაც თავის დროზე მონაწილეობა მიიღო თურქეთში ფონდ ღია საზოგადოების დაარსებაში. დაკავებულები, ერთის გარდა, გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს ამ საქმეების თაობაზე. ანკარის დასავლელი მოკავშირეები გამუდმებით აკრიტიკებენ თურქეთში ათი ათასობით ადამიანის დაპატიმრებას 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. აშშ-ში დაფუძნებული ფილანტროპი ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი ღია საზოგადოება უნგრეთშიც მოექცნენ ზეწოლის ქვეშ. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოროსს და მის მიერ მხარდაჭერილ, ლიბერალურ კამპანიებს ბრალს სდებს ევროპის ქრისტიანული კულტურის დასუსტებაში, მიგრაციული პროცესების მხარდაჭერით. სოროსი ამ ბრალდებას უარყოფს. "ფონდი ღია საზოგადოება" დაარსდა ადრეულ 1990-იან წლებში, ის მხარს უჭერს მსოფლიოს გარშემო სამოქალაქო ჯგუფებისა და სამართლის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და თავისუფალი მედიის გაძლიერებას. ორგანიზაციის სახელი შთაგონებულია ფილოსოფოს კარლ პოპერის 1945 წიგნით "ღია საზოგადოება და მისი მტრები".

XS
SM
MD
LG