Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში ორი ადამიანი ცოცხლად დაწვეს ინტერნეტით გავრცელებული ჭორის გამო


მექსიკის ქალაქ აკატლანში, ბავშვების გამტაცებლების შესახებ WhatsApp-ით გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, ბრბომ ცოცხლად დაწვა ორი ადამიანი. ტრაგედია, რომლის შესახებაც BBC იუწყება, ჯერ კიდევ აგვისტოში მოხდა. ინტერნეტით გავრცელებულ ჭორს ემსხვერპლა პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დაკავებული 21 წლის რიკარდო ფლორესის და მისი ბიძის, 43 წლის ალბერტო ფლორესის სიცოცხლე. WhatsApp-ით მიღებული შეტყობინების შემდეგ აკატლანის რამდენიმე მცხოვრებმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვების გამტაცებლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ხალხს შეკრებისკენ მოუწოდა. პოლიციის შენობასთან მყოფებს სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ ფლორესები წვრილმანი ხულიგნობისთვის იყვნენ დაკავებულნი, რაც ბრბომ არ დაიჯერა. ისინი პოლიციის შენობაში შეიჭრნენ, დაკავებულები გარეთ გამოიყვანეს, ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ბენზინი გადაასხეს და დაწვეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ განყოფილებაში მყოფი რამდენიმე პოლიციელი ბრბოს ვერ გაუმკლავდა. აკატლანში მომხდარი ტრაგედიის გამო ხუთ პირს წაყენებული აქვს დანაშაულისკენ მოწოდების, ოთხს კი მკვლელობის ბრალდება. ცხრა ბრალდებულიდან ექვსმა გაქცევა შეძლო და ამჟამად იძებნებიან.

XS
SM
MD
LG