Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ამბობს, რომ ფარცხალაძისთვის ბრალის მხოლოდ ახლა წარდგენას მიზეზები ჰქონდა


პროკურორი ემზარ გაგნიძე
პროკურორი ემზარ გაგნიძე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა ხანდაზმულობის ვადის ამუწურვამდე დაახლოებით ნახევარი წლით ადრე.

პროკურორს, ემზარ გაგნიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ წარედგინა ფარცხალაძეს ბრალი თორდიას ცემიდან წელიწადნახევრის შემდეგ და არსებობს, თუ არა რაიმე ახალი მტკიცებულება. პროკურორის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ ყოფილი მთავარი პროკურორი და აუდიტის სამსახურის უფროსი და არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, პროკურატურამ ექსპერტებად მიიწვია „საერთაშორისო ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შეესწავლათ სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნები.“

„ვიდრე ეს პროცედურები განხორციელდებოდა, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ლაშა თორდიას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ტარდებოდა ბრალის წარსადგენად საჭირო ყველა საგამოძიებო მოქმედება“ - განაცხადა გაგნიძემ. მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია გამოძიებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადები და ამ შემთხვევაში, ვადა იყო 2 წელი.„ინციდენტი მოხდა 2017 წლის 13 მაისს. გამოძიება ჩატარდა დადგენილ ვადაში და ყველა საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდეგ მოხდა ბრალის წარდგენა და სასამართლოსთვის მიმართვა“ - განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ. მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით აღძრული საქმე რეალურად ეხება ყოფით ნიადაგზე მომხდარ ინციდენტს. ემზარ გაგნიძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელ საათზე მოხდა ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა და რომელ საათზე გაიმართა სასამართლოს სხდომა, რომელზეც ფარცხალაძეს შეეფარდა 5000 ლარის გირაო. პროკურორის განცხადებით, ბრალის წარდგენა და სასამართლოს სხდომის დანიშვნა მოხდა სამუშაო საათებში, სასამართლოსთვის კი სამუშაო დროა საღამოს 6 საათამდე პერიოდი.

რაც შეეხება ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნას, რომ პროკურატურამ ფარცხალაძეს ბრალი უნდა დაუმძიმოს, რადგან თავდასხმა უკავშირდებოდა თორდიას, როგორც გენერალური აუდოტორის საქმიანობას, პროკურორ გაგნიძის თქმით, ამ ვერსიის გამო მიმდინარეობს ცალკე გამოძიება და თუ გამოიკვეთა კონკრეტული დანაშაულის ჩადენა, საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

XS
SM
MD
LG