რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა კვლავ სცადეს ტერიტორიაზე კარვის შეტანა. ამის უფლება აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა არ მისცეს და რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია. მისი მონაწილეები ითხოვენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გათავისუფლებას. ის 26 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმისათვის. საქართველოს შსს-ს ცნობითვე, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს".
იუწყებიან, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ასევე შეუერთდნენ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და ელენე ხოშტარია, რომლებიც ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ და სამართალდამცველებს მოუწოდებენ, აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის საშუალება მისცენ.