ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე "#იმოქმედე სიმართლისთვის დღეს", სამოქალაქო აქტივისტებმა მცირე ზომის კარავი გაშალეს. როგორც ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, სამართალდამცავებმა მათ კარვის გაშლის უფლება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ კარავი მცირე ზომისაა და არ შეიცავს რკინის კონსტრუქციას.
გიგა მაქარაშვილის თქმით, ზაზა სარალიძეს სისტემა დასცინის: „ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შევიკრიბოთ თავისუფლად, გვაქვს მანიფესტაციის მოწყობის უფლება, კარვის გაშლის უფლება, ეს არის აბსოლუტურად კანონიერი საქციელი და ამ კანონიერი ქმედების შესრულებისას, ზაზა სარალიძეს მოუწყვეს პროვოკაცია. მან ათთვიანი ემოციური ფონის გათვალისწინებით, ვეღარ გაუძლო პროვოკაციას და ის პოლიციელს ხელით შეეხო, რომლის გამოც, ახლა დაკავებულია. ჩვენ ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მისი ემოციური ფონი და სისტემისგან დაცინვა, რადგან ზაზა სარალიძე აუცილებლად უნდა იდგეს იქ, სადაც იდგა ამ 10 თვის განმავლობაში და იცავდა თავისი შვილის სახელს, ღირსებას და მის სულს“, - უთხრა გიგა მაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას.
პარლამენტის წინ გაშლილ მცირე ზომის კარავში იმყოფება კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე: „აქ ისე ჩანს, თითქოს ჩვენ ზაზა სარალიძეს ვუჭერთ მხარს. თუმცა, მე მგონია, რომ სარალიძე გვიჭერს თავად მხარს და იცავს ის ჩვენ შვილებს. სარალიძის შვილი მკვდარია, მას ახლა ჩემი და თქვენი შვილები ჰყავს დასაცავი. ეს არის კანონიერი ქვეყნის ნგრევა, რითიც ჩვენ ჩვენი შვილების სიცოცხლეს ვაყენებთ საფრთხის ქვეშ. დღეს ზაზა სარალიძე გამოიყვანეს წყობიდან და მას მოუწია იმის გაკეთება, რაც გააკეთა და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას გაითვალისწინებს და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს“.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. ის და მისი თანამოაზრეები წვიმისგან დასაცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „რუსთაველის გამზირზე, რკინის ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა.“ შსს-ს ცნობითვე, „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ზაზა სარალიძე 50 დღეა, რაც პარლამენტის შენობის წინ აქციებს მართავს სახელწოდებით „მამები სიმართლისათვის“. მასთან ერთად მართავს აქციებს პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.