ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე დღეიდან საჭიდაო ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და 26-28 ოქტომბერს ათივე წონით კატეგორიაში შეივსება საპრიზო სამეულები.
დღეს ოთხ წონაში შედგება წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები. საქართველოს ნაკრების სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან: ევროპის პრიზიორი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლაშა მარიამიძე (63 კგ), გიორგი ხუჭუა (72 კგ) და მსოფლიოს პრიზიორი ლაშა გობაძე (82 კგ). მათ გარდა მსოფლიოს ქართულ განაცხადში არიან დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ), თორნიკე ძამაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები - 16:45-დან, მედლები კი ხვალ გათამაშდება.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი ბოლოს 2007 წელს მოიპოვა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე ავიდნენ.