Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ გაათავისუფლა გატაცებული ახალგაზრდა კაცი და დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად
იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის
შედეგად, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი
ჯგუფი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი
მიმართულებით გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ
გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად
დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი
მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი
შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ
გადამალული.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად
გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი
ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
პოლიციამ გატაცებული ოჯახში უვნებლად დააბრუნა. მიმდინარეობს
გამოძიება.

XS
SM
MD
LG