საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, დღეს სტრასბურგში გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან. თამარ ჩუგიშვილის თქმით, შეკითხვები და დისკუსია საკმაოდ მწვავე იქნება.
„როდესაც დღის წესრიგში დადგა რუსეთის გამო წესებისა და პროცედურების შეცვლის და სანქციების გამარტივების საკითხი, ამაში ასამბლეამ, გარკვეულწილად, გენერალური მდივნის როლიც დაინახა და აღქმული იქნა, რომ ის ამ პროცესს ხელს უწყობდა, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი გაღიზიანება. საპარლამენტო ასამბლეა ფიქრობს, რომ მართალია, რუსეთი არ იხდის გადასახადს, რომელსაც უნდა იხდიდეს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ამ გადასახადების გადაუხდელობის ზეწოლით ევროსაბჭომ დათმოს თავისი პრინციპული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც სტრასბურგში მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში.
9 ოქტომბერს, ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებას, რომელიც რუსეთს მისცემდა ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დასამუშავებლად დაუბრუნა საპროცედურო კომიტეტს.
ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს 2014 წლის აპრილში ჩამოერთვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის და მმართველ სტრუქტურებში მუშაობის უფლება. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ უფლებების აღდგენამდე არ გადაიხდის ევროსაბჭოს საწევროს.