პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კახეთში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიხსენა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის აქამდე უცნობი დეტალები.
„როცა პირველი შეხვედრისას ერთი ერთზე დავრჩით, ასეთი კითხვა დამისვა: „თქვენ გინდათ, რომ რუსეთი რაღაცნაირად დააკნინოთ და აჩვენოთ მსოფლიოს, რომ გაგვყარეთ ქვეყნიდან. ამაზე რას მიპასუხებთ?“ მე ვუთხარი, რომ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ იარსებებს თუ თავის ტერიტორიაზე ეყოლება უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები. ეს არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს-მეთქი. ამის შემდეგ მეც მივმართე, მეც ვკითხე: თქვენ რას აპირებთ? როგორც წარსულში იყო მუდმივად, ჩვენ გულწრფელად ვაწერდით ხელს ამა თუ იმ ხელშეკრულებას და მერე თქვენ ამას ზურგს აქცევდით და მთავრდებოდა იმით, რომ შემოდიოდით ქვეყანაში. ამაზე მითხრა, არა, არაო!“ - ასე გაიხსენა სალომე ზურაბიშვილმა 2005 წელს გამართული შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმე მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელმაც, ზურაბიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე მართლაც შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაიყვანა სამხედრო ბაზები საქართველოდან, მაგრამ „მერე მოვიდა 2008 წელი და ისევ შემოგვესივნენ“.
„ეს არის ძალიან რთული ისტორია, თუმცა ჩვენ რაღაც მომენტში კვლავ უნდა გავყვეთ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, კიდევ უფრო ფრთხილად და კიდევ უფრო დიდი გამბედაობით“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.