Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ჩანაწერები მან და ოქუაშვილმა შეთანხმებულად გააკეთეს უცხოელების დასარწმუნებლად


თბილისში საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა 3 ოქტომბერს თქვა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.

"ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, შემომთავაზა, მივსულიყავი მასთან... რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდიდა უცხოელი პარტნიორებისგან, საქართველოში ბიუჯეტის გადასახდელი ჰქონდა, მან გადაწყვიტა ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა. მან მითხრა, რომ შიდა წარმოებისთვის სჭირდებოდა. ამით ის დაარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და გადავადებას მოსთხოვდა. შესაბამისად, ეს მოგვარდებოდა საქართველოშიც", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ამასთან სპორტის ყოფილმა მინისტრმა ე.წ. სარდაფის ინციდენტს „სრული სიყალბე“ და „სამარცხვინო სიცრუე“ უწოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში, ყიფიანმა აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

10 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასაც გეგმავდა.

ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. ორი კვირის შემდეგ პროკურატურამ ომეგა ჯგუფის საქმეს კიდევ რამდენიმე ჩანაწერი დაურთო.

XS
SM
MD
LG