Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო პარტიებმა ხალხის ხმა გაიგონეს


ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს სომხეთის პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს
ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს სომხეთის პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს

ერევანში გვიან ღამით დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკებები საპარლამენტო ფრაქციებთან. ეროვნულ კრებასთან - პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს ფაშინიანმა აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი გადადგომის შემთხვევაში, არცერთი ფრაქცია არ აპირებს თავისი კანდიდატის დასახელებას. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების ყველა დეტალს ვერ გაიხსენებს, თუმცა, საერთო შთაბეჭდილებაა, რომ პარლამენტის ფრაქციებმა გაიგონეს ხალხის ხმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ფრაქციების მიერ მათი სიტყვიერი დაპირებას დაარღვევა ხალხისთვის ომის გამოცხადება იქნება.

2 ოქტომბერს, საღამოს, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით ათასობით მოქალაქე შეიკრიბა სომხეთის პარლამენტთან, რომელიც განიხილავდა რეგლამენტში შესატან სადავო ცვლილებას. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კანონპროექტს, რომლის თანახმად, რაიმე მიზეზით პარლამენტის სხდომის შეფერხების შემთხვევაში, სხდომა ჩაშლილად არ ითვლება და შეუძლია მუშაობა მოგვიანებით გააგრძელოს. ეროვნულმა კრებამ კანონპროექტი 67 ხმით დაამტკიცა. რეგლამენტის შეცვლას მხარი დაუჭირეს „რესპუბლიკური პარტიის,“ „დაშნაკცუტუნის“ და „ცარუკიანის ბლოკის“ ფრაქციებმა. წინააღმდეგი იყო ფრაქცია „ელკი.“ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს მოუწოდა, კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს. ახალი რეგლამენტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ცვლილებების მომხრე პარტიები ცდილობენ თავი დაიზღვიონ პარლამენტის შესაძლო დათხოვნის და ვადამდელი არჩევნებისგან, რასაც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მოითხოვს. სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელი რეგლამენტით, თუ დეპუტატები ორჯერ ვერ შეძლებენ პრემიერ-მინისტრის არჩევას, პარლამენტი დაშლილად ცხადდება და ახალი არჩევნები ინიშნება. ფაშინიანის გეგმით, ის დატოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორჯერ იტყვის უარს მის ხელახლა არჩევაზე, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

სომხეთის პარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ რომლის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას 2018 წლის გაზაფხულზე მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ანტისამთავრობო გამოსვლების გამო, სარგსიანი იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო. საპროტესტო აქციებმა პარლამენტი აიძულა პრემიერ-მინისტრად აერჩია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ წარმომადგენელი ნიკოლ ფაშინიანი.

XS
SM
MD
LG