პარლამენტი 26 სექტემბერს იწყებს საკომიტეტო მოსმენას აზბესტის მავნე ზემოქმედებასა და მისი ჩანაცვლების გზებზე. ამ საკითხზე რეკომენდაციები მოამზადა ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“. მასში ყურადღება გამახვილებულია აზბესტის სამუხრუჭე ხუნდებზე, რომელსაც სატრანსპორტო კომპანიები და მსუბუქი ავტომობილების მძღოლებიც ხშირად იყენებენ. დამუხრუჭების დროს მავნე ნივთიერება ჰაერში გამოიფრქვევა და საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი მუშაობს საქართველოში აზბესტის ზემოქმედების პირობებში, არ არსებობს მისი ჩანაცვლების სამოქმედო გეგმა და მისგან მომავალ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერებაც დაბალია.