Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცული მძღოლებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებს კომპრომისის სახით შესთავაზა იმ ბრძანების ამოქმედების მიმდინარე წლის ბოლომდე გადავადება, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და ფქვილის შემოტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და, ცალკეულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც.

მძღოლების მოთხოვნით 19 სექტემბერს მედიის თანდასწრებით ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფს შესთავაზა, ბრძანების ამოქმედებამდე შექმნილიყო ერთობლივი ჯგუფი, რომელიც მძიმე ავტოგადამზიდავების მოძრაობას დაარეგულირებდა.

თავის მხრივ, იმპორტირებული ხორბლის გადამზიდავებმა კატეგორიულად მოითხოვეს გაუქმდეს ბრძანება, რომლის ამოქმედებაც, მათი თქმით, გადამზიდავებს უმუშევრად დატოვებს და საშიმშილოდ გაწირავს. შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გაფიცულ მძღოლებთან კონსულტაციის გამართვა ითხოვეს ფინანსთა მინისტრისთვის საბოლოო პასუხის მისაცემად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სადავო ბრძანება 22 აგვისტოს გამოსცა. მინისტრმა შეხვედრაზე ბრძანების მიზეზად დაასახელა საქართველოს გზებზე იმპორტის გადაზიდვაზე ორიენტირებული სატვირთო მანქანების მომრავლება, რაც იწვევს დიდ საცობებს გზებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე. ეს კი, მინისტრის თქმით, ხელს უშლის ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბრძანების ამოქმედების ბოლო ვადად 1ოქტომბერი განისაზღვრა.

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით უკმაყოფილო მძღოლებმა სამი დღის წინ განბაჟების ეკონომიკურ ზონაში გზა გადაკეტეს, რომელიც პოლიციის მოთხოვნით გაათავისუფლეს.

ამჟამად მძღოლებს გადაკეტილი აქვთ განბაჟების ეკონომიკური ზონის ტერმინალი და არ უშვებენ არც ერთ ავტომობილს არც შიგნით, არც გარეთ. საქონლით დატვრთული ავტომანქანებიც იქაა.

ტერმინალთან მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული რაზმები.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG