Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები საპროტესტო აქციას გამართავენ


ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები 29 აგვისტოს 12 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. საგანგებო განცხადებაში, რომელიც 27 აგვისტოს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ კონსტრუქციული ურთიერთობის ყველა გზა ამოწურულია და დაპირებების მიუხედავად, გადაუჭრელია კლინკერის-ცემენტის საწარმოებლად აუცილებელი ნედლეულის- იმპორტის საბაჟოზე შეფერხების პრობლემა. ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ტვირთები, ნედლეულის ხარისხის კონტროლის მომიზეზებით, ისევ საბაჟოზეა გაჩერებული და არანაირი ექსპერტიზა მას არ უტარდება.

ჩვენ არ გვესმის რატომ, მაგრამ ფაქტია, მთავრობას უნდა, რომ ნედლეული საბაჟოზე იდგეს თვეობით, იმპორტიორებმა ხელი აიღონ აღნიშნული ნედლეულის შემოტანაზე და ჩვენთვის მოწოდებაზე, გაჩერდეს ადგილობრივი წარმოებები და ქვეყანაში ცემენტის ერთადერთ მწარმოებლად საბოლოოდ ჩამოყალიბდეს „ჰაიდელბერგცემენტი“, რომელიც ისედაც ფლობს ბაზრის 80%-ზე მეტს და ისედაც არის მონიპოლისტი, თუმცა არ თამაშობს და არც არასდროს თამაშობდა იმ წესებით, რაც მონოპოლისტს მოეთხოვება. ამას მთავრობა ყურადღებას არ აქცევს.“

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ კანონის ფარგლებში დაშვებული ყველა გზითა და საშუალებით შეეცდებიან მიაწვდინონ თავიანთი სამართლიანი პროტესტი პრემიერსა და მთავრობას.

ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქციების დაწყების განზრახვის შესახებ 20 აგვისტოს განაცხადეს, თუმცა მაშინ პრემიერის აპარატიდან მათ პრობლემის მოგვარებას კვირის ბოლომდე დაჰპირდნენ. ამის შედეგად მაშინ საპროტესტო აქცია დღის წესრიგიდან მოიხსნა.

XS
SM
MD
LG