საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, კანაფის მოხმარების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ შექმნა ახალი სამართლებრივი რეალობა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სჭირდება პასუხისმგებლიანი რეაგირება. მთავრობის ადმინისტრაციაში 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირებას უწოდა „ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა.“
„შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა სრულად იქნას დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე - ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი“ - განაცხადა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა პარლამენტის აქტიური ჩართულობით უნდა შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულთა მკურნალობის და რეაბილიტაციის ქმედითი პროგრამები.
30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქეების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმა, რომელიც მარიხუანის მოხმარებელს აკისრებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციას შეესაბამება, როცა კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეს მესამე პირებისთვის. კერძოდ, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია ისეთ შემთხვევებში, როცა მსგავსი ქმედება ხდება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.