Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო: მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭება დისკრიმინაციული ნორმაა


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურების დამატებითი ღირებულებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს და დაადგინა, რომ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას. საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა რამდენიმე რელიგიური გაერთიანება: „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებდა დასახელებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ შესაძლებლობის გარეშე ტოვებდა, იყო დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობის უფლებას. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც სხვა რელიგიური გაერთიანებები, წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს, თუმცა განსხვავებული მოპყრობა ემსახურებოდა ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის რეალიზაციას - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას ქვეყანაში. სასამართლომ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია, თუმცა ამ მიზნის რეალიზებისთვის უმნიშვნელოა, თუ ვისი დაკვეთით შესრულდება სამუშაოები, თუკი დაცული იქნება შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული საგადახადო შეღავათის სრული გაუქმებით, ასევე არსებითად თანასწორ პირებზე მისი ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე. სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად იხილეთ აქ.

XS
SM
MD
LG