საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად არის შემუშავებული და მათი დასაბუთება სავსებით არგუმენტირებულია, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნესტან ლონდარიძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
„კომისიამ წარმოგვიდგინა ორი რეკომენდაციის პროექტი. რეკომენდაციების დასაბუთება აბსოლუტურად არგუმენტირებულია და ეს არის იმ ქმედებების ხაზგასმა, რომლებიც გამოძიებას უკვე უნდა შეესრულებინა საქმის მასალებიდან გამომდინარე", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
30 ივნისს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს კომისიის წევრებმა ორ მოზარდთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. ამ რეკომენდაციების თანახმად, უნდა დაიწყოს გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, რაც ამ დრომდე არ არის გამოძიებული და ასევე, უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს წინააღმდეგ, რომლის შემთხვევაშიც იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუმცა გამოძიებას არც ამ კუთხით უმუშავია.
რეკომენდაციები შემუშავებულია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი. კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან“ არ იზიარებენ მ.კ.-სთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რადგან მას ნაჩქარევად მიიჩნევენ. რეკომენდაციების მიღების საკითხი კენჭისყრის გზით გადაწყდება და კომისიის ფარგლებში უმრავლესობით წარმოდგენილი „ევროპული საქართველო“ შეძლებს ამ საკითხის გატანას. თუმცა შემდეგ, რეკომენდაციების გარშემო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ამჟამინდელი განწყობების თანახმად, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მ.კ.-სთან დაკავშირებულ რეკომენდაციას.