Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირთა ვინაობა


საქართველოს მთავრობამ პარლამენტს გაუგზავნა დადგენილება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ზომების თაობაზე. როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, სიაში შეყვანილია 33 პირი - ადამიანები, რომლებიც ბრალდებული ან უკვე მსჯავრდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში. სიაში შეიყვანეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლი და არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი, აგრეთვე სხვა დანაშაულებში ბრალდებული პირები სლავიკ ბადია, რაულ კორტავა, ზაურ ჭითანავა, ციბრონა ახალია, ოთარ ტურნანბა, ალიკა წაბრია, რუსლან ჯობუა, როზა მირცხულავა, დიმიტრი არშბა, ვლადიმირ გუნია, ალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა, გენრიხ ჭანბა, ვლადიმირ ანუა, ზაურ ცეცხლაძე - იგივე მიხეილ თარბა, გენადი აშხაცავა, გელა ვანაჩა, ოთარ ფალავანძია, ოლეგ პაპასკირი, აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია, ვლადიმირ ნაჩაჩ-ოღლი, შურიკ კოკოსკერია, ლევ ბიჩენოვი, გია თუაევი, ფისო ვაზაგოვი, თამაზ ბესტაევი, რამჩიკ ფუხაევი, არკადი ძერანოვი, ზურაბ დუდაევი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და ეროვნულ ბანკს დაევალება, მიმართონ ზომებს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა დაუწესონ შეზღუდვები - მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ზომები - სიაში შესულ პირებს და ხელი შეუწყონ სამართლის აღსრულებას. საქართველოს მთავრობამ 26 ივნისის სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ 21 მარტს მიღებული რეზოლუციის საფუძველზე, მთავრობის მიერ მომზადებული სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები გამოძიებას აგრძელებენ და სია შესაძლოა, გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG