პროფკავშირი: მინდელის შახტის ტრაგედია ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება
“ტყიბულში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება”, - ამ სათაურით გამოაქვეყნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დასკვნა, რომელიც უცხოელ ექსპერტებს ეკუთვნით. 2018 წლის 23-26 აპრილს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინიციატივით და მოწვევით, ტყიბულში იმუშავეს უცხოელმა ექსპერტებმა. მათ მინდელის შახტში 5 აპრილს მომხდარი იმ ტრაგედიის მიზეზები იკვლიეს, რომელმაც 6 მაღაროელის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოკვლევის ფარგლებში განხილული იყო მინდელის სახელობის შახტში ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო- ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები და ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის ავარიული უბნის მდგომარეობა. მოკვლევის შედეგად მომზადდა 21- გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე – რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. აღსანიშნავია, რომ დასკვნა არ არის სრულყოფილი, გამომდინარე იქიდან, რომ მკვლევარებს დასახული ამოცანების გადაწყვეტის პროცესში ხელს უშლიდა საწარმოში იმ დოკუმენტების არარსებობა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, ხოლო პირველადი ინფორმაციის ნაწილი და სამთო სამუშაოების წარმოების ცალკეული პარამეტრები, რომელთა საფუძველზეც ანგარიში მომზადდა, მოპოვებულია ზეპირი ფორმით საწარმოს ოფიციალური წარმომადგენლებისაგან კონსულტაციური შეხვედრების მიმდინარეობის დროს და უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერებით. როგორც პროფკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, „მიუხედავად ჩამოთვლილი ხელის შემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშის მიხედვით, ჩანს, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში“. ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი, მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს მინდელის შახტის ადმინისტრაციას. რაც შეეხება შახტის მმართველ კომპანიას „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“, მათი თქმით, ისინი გამოძიების დასრულებას ელიან. 5 აპრილს 6 მაღაროელი დაიღუპა და 3 დაშავდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში. ოფიციალური ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას, მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტის დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. სამთო დარტყმა, ანუ გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2010 წლიდან 2018 წლის 5 აპრილის ჩათვლით, მინდელის შახტში 23 მაღაროელი დაიღუპა.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი