„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები მთავარი პროკურორის არჩევის წესის შეცვლის თხოვნით მიმართავენ პარლამენტს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა 19 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში. მას ოთხი ინიციატორი ჰყავს: ლაშა ტუღუში, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ნათია კუპრაშვილი და ზვიად ქორიძე. 21 ივნისს პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მიიღეს ერთობლივი მიმართვა:
„უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და მათთან დაკავშირებულმა პროკურატურის საქმიანობამ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა და პროტესტი გაამძაფრა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ საჭიროა პროკურატურის სერიოზული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მთავარი პროკურორის გამართული წესით არჩევა. მოქმედი ცუდი სისტემით არჩეული მთავარი პროკურორი სათანადოდ ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ გაამართლებს საზოგადოებაში არსებულ მოლოდინს და ვერ აღადგენს ინსტიტუტის მიმართ ნდობას. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უკვე დარეგისტრირდა პარლამენტში“. ამასთან მიმართვის ავტორები განმარტავენ, რომ შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად: „იცვლება საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი კომპლექტაციის წესი. კანონპროექტის მიზანია, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის აუცილებელია საპროკურორო საბჭოს სრული დეპოლიტიზება. მთავარი პროკურორის შერჩევა უნდა მოხდეს რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მიერ. პოლიტიკური თანამდებობის პირები - პარლამენტის წევრები და იუსტიციის მინისტრი არ უნდა იყვნენ საპროკურორო საბჭოში. შესაბამისად, მინისტრი არ უნდა იყოს არც საპროკურორო საბჭოს წევრი და არც მისი თავმჯდომარე. ამავდროულად, მთავრობა არ უნდა მონაწილეობდეს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში. გარდა ამისა, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში უნდა შემცირდეს პროკურორების რაოდენობა, რომ მათ ვერ შეძლონ საბჭოს იმ გადაწყვეტილებათა ბლოკირება, რომლებიც ეხება მთავარი პროკურორის არჩევას ან მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. მიგვაჩნია, რომ პროკურორის არჩევა უნდა მოხდეს საპროკურორო საბჭოს რეფორმირების შემდეგ, რაც შესაბამისობაში მოვა ახალ კონსტიტუციურ ნორმებთან და უზრუნველყოფს ახალი, 6-წლიანი ვადით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამართული წესით არჩევას“.
ხელმომწერი ორგანიზაციები პარლამენტისგან საკანონმდებლო წინადადების მაქსიმალურად სწრაფად განხილავს ითხოვენ. ამასთან, პროექტის ინიციატორებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ პარლამენტი უფლებამოსილია ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს მთავარი პროკურორის არჩევის მიმდინარე პროცესი.